წყარო: gtmedia.ge
ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ელჩი საქართველოში, ჭოუ ციენი, ორ ქვეყანას შორის ურთიერთობისა და თანამშრომლობის შესახებ წერილს აქვეყნებს:
«საქართველო აბრეშუმის გზის მარგალიტია. იგი კავკასიონის სამხრეთით, შავი ზღვის სანაპიროზე მდებარეობს და უძველესი დროიდან აღმოსავლეთისა და დასავლეთის დამაკავშირებელი ხიდის როლს ასრულებს. მიუხედავად იმისა, რომ ჩინეთსა და საქართველოს მთები და ზღვები ყოფს, ორი ქვეყნის მეგობრობას ხანგრძლივი ისტორია აქვს. აბრეშუმის გზა ამას ყველაზე კარგად მოწმობს. ჩინეთი და საქართველო ბრწყინვალე კულტურისა და თვალწარმტაცი პეიზაჟების ქვეყნებია. ამასთან, მშვიდობის, დამოუკიდებლობისა და განვითარების საერთო ხედვამ ორი ქვეყნის ტრადიციული მეგობრობა უფრო გაახანგრძლივა და გააღრმავა.
1992 წლის 9 ივნისს, ჩინეთსა და საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობები ოფიციალურად დამყარდა. ჩინეთი ერთ-ერთი პირველი ქვეყანა იყო, რომელმაც საქართველოსთან დიპლომატიური ურთიერთობები დაამყარა. ამ 30 წლის მანძილზე, ჩინეთი და საქართველო კარგი მეგობრები და პარტნიორები იყვნენ, ერთმანეთს ენდობოდნენ და გულწრფელად თანამშრომლობდნენ. ორივე მხარის ხელშეწყობით მეგობრობისა და თანამშრომლობის 30-ე წლისთავიც მალე დადგა. ეს მნიშვნელოვანი მომენტია, რადგან ოცდაათი წელი მოწიფულობისა და გაფურჩქნის პერიოდია. ორმხრივი ურთიერთობები სტაბილურად და ჯანსაღად ვითარდება, სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობა მუდმივად ღრმავდება, რაც განსხვავებული რეგიონის, ზომისა და კულტურის მქონე სახელმწიფოებს შორის ურთიერთობების ნიმუშად იქცა.
ნდობაზე აგებული საფუძველი მყარია. დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების დღიდან, ორივე ქვეყანა მუდამ იცავს თანასწორობისა და ურთიერთნდობის პრინციპს, პატივს სცემს ერთმანეთის სუვერენიტეტს, დამოუკიდებლობასა და ტერიტორიულ მთლიანობას და მხარს უჭერს ერთმანეთის მიერ არჩეულ სოციალურ წყობას და განვითარების გზას. ორი ქვეყნის მთავრობებისა და ხალხების ერთობლივი ძალისხმევით, ჩინეთსა და საქართველოს შორის პოლიტიკური ურთიერთნდობა დღითიდღე ღრმავდება, რაც სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის მტკიცე საფუძველია. ჩინეთი და საქართველო საერთაშორისო ასპარეზზე თანამშრომლობენ, ერთად იცავენ საერთაშორისო სისტემას, რომლის ბირთვსაც გაერო წარმოადგენს და აქტიური წვლილი შეაქვთ მსოფლიო მშვიდობასა და სტაბილურობაში.
გულწრფელი ქცევა ურთიერთსარგებლიანია. ჩინეთი და საქართველო განვითარებადი ქვეყნებია. ორივე ეროვნული აღორძინებისა და კეთილდღეობისთვის იბრძვის. ისინი მუდამ კეთილსინდისიერად თანამშრომლობენ და ერთმანეთის განვითარებას ხელს უწყობენ. 30 წლის მანძილზე, დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების მომენტში არსებული 3.68 მილიონი აშშ დოლარის ნიშნულიდან, ორმხრივი სავაჭრო ბრუნვა 400-ჯერ გაიზარდა. პრეზიდენტ სი ძინფინგის „სარტყლისა და გზის“ ინიციატივა ძლიერ შეესაბამება საქართველოს განვითარების სტრატეგიას, რომ ევრაზიის ლოჯისტიკური და სატრანსპორტო ცენტრი გახდეს. „სარტყლისა და გზის“ ფარგლებში ჩინურ-ქართული თანამშრომლობა მძაფრად იზრდება. საქართველომ ევრაზიის რეგიონში პირველმა გააფორმა ჩინეთთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმება. 2018 წელს ძალაში შესვლის შემდეგ, აქედან მიღებული სარგებელი უწყვეტად იზრდება. მან მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი ორმხრივი ვაჭრობის ლიბერალიზაციასა და გამარტივებას. ორი ქვეყნის ინტერესების თანხვედრის დონე იზრდება. ჩინეთი საქართველოს საექსპორტო ბაზრებს შორის პირველ, ხოლო სავაჭრო პარტნიორებს შორის — მეორე ადგილზეა. მაღალი ხარისხის ქართული პროდუქცია, როგორიცაა ღვინო, მინერალური წყალი და ჩირი, თანდათანობით ჩინეთის ბაზარზე ფეხს იკიდებს. „ჩინეთ-ევროპის ექსპრესი“ რეგიონებს ერთმანეთთან აკავშირებს და მარშრუტის გასწვრივ მდებარე ქვეყნებს და მათ შორის, საქართველოს, ახალ ენერგიას მატებს. ჩინური კომპანიების მიერ განხორციელებული საქართველოს რკინიგზის მოდერნიზაციის, კომბინირებული ციკლის ელექტროსადგურის მშენებლობისა და სხვა პროექტები ადგილობრივი ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს. ეს პროექტები ხალხის სასიკეთოდ კეთდება. ინვესტიციების, კომუნიკაციების, მაღალი ტექნოლოგიების და სხვა სფეროებში თანამშრომლობას დიდი პერსპექტივა აქვს. „სარტყლისა და გზის“ მშენებლობა და სხვადასხვა სფეროში საქმიანი თანამშრომლობა კიდევ უფრო სიღრმისეულად გაგრძელდება და მუდმივად ახალ შედეგებს გამოიღებს.
ერთმანეთთან დაახლოებით უფრო მეტს ვისწავლით. ჩინეთისა და საქართველოს ტრადიციული მეგობრობა საკმაოდ ძლიერია. ორი ერი ერთმანეთს უძველესი დროიდან იცნობს და ერთმანეთისგან სწავლობს. ბოლო წლებში, ჩინეთ-საქართველოს შორის ხალხთაშორისი და კულტურული კავშირები სულ უფრო იზრდება. თანამშრომლობა განათლების, ტურიზმის, სპორტის, გამომცემლობის და სხვა სფეროებში მუდმივად ღრმავდება. საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილებით, ჩინური ენა ზოგადსაგანმანათლებლო ეროვნულ სასწავლო გეგმას დაემატა. საქართველოში ჩინური ენის ბუმი დაიწყო. „ჩინური ენის ხიდის“ კონკურსი დიდი პოპულარობით სარგებლობს. საქართველოში ფუნქციონირებს ორი კონფუცის ინსტიტუტი და ერთი კონფუცის საკლასო ოთახი, რაც ორ მხარეს შორის კულტურული გაცვლისა და ურთიერთგაგების ცენტრია. პანდემიის დაწყებამდე, საქართველო, რომელსაც ჩინეთში „ღმერთის ბაღნარის“ სახელით იცნობენ, ჩინელი ტურისტებისათვის პოპულარული სამოგზაურო ადგილი იყო. აღსანიშნავია, რომ ეპიდემიით გამოწვეული დაბრკოლებების მიუხედავად, ქართველმა სპორტსმენებმა 2022 წლის პეკინის ზამთრის ოლიმპიურ თამაშებში მონაწილეობა მიიღეს. მათ, გარდა იმისა, რომ შედეგები გააუმჯობესეს, ჩინელი მაყურებლის ყურადღება და მოწონება დაიმსახურეს.
კოვიდ-19 პანდემიის დაწყების დღიდან, ჩინეთი და საქართველო ერთმანეთს სირთულეების დაძლევაში ეხმარებიან და ვირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში აქტიურად თანამშრომლობენ. რეალური ქმედებებით დაამტკიცეს, რომ „ნამდვილი მეგობარი ჭირში გამოიცნობა“. ქართველმა ხალხმა თავიდანვე მხარი დაუჭირა და სოლიდარობა გამოუცხადა ჩინურ მხარეს, ხოლო საქართველოს მთავრობის ძლიერი მხარდაჭერით, საქართველოში მცხოვრები ჩინეთის მოქალაქეების ვაქცინაცია წარმატებით განხორციელდა. ბოლო ორი წლის განმავლობაში, ჩინეთი აქტიურად უზიარებდა საქართველოს პრევენციისა და კონტროლის საკუთარ გამოცდილებას. იგი საქართველოს 200 000 დოზა ჩინური ვაქცინებით, სასუნთქი აპარატებითა და სხვა სამედიცინო აღჭურვილობით დაეხმარა. ორი ქვეყანა ერთად ებრძვის სირთულეებს და „საერთო ჯანდაცვის მქონე საზოგადოების“ შექმნაში თანამშრომლობს.
წელს ჩინეთსა და საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 30-ე წლისთავია. ეს წარსულისა და მომავლის დამაკავშირებელი მნიშვნელოვანი მომენტია. მხარეები ერთად შეაჯამებენ ორმხრივი ურთიერთობების განვითარების წარმატებულ გამოცდილებას და შემდეგი 30 წლის თანამშრომლობის გეგმებს დასახავენ. ჩინური მხარე მზადაა ქართულ მხარესთან შეინარჩუნოს ურთიერთპატივისცემის, თანასწორობისა და ურთიერთ სარგებლის სულისკვეთება, გააღრმაოს საქმიანი თანამშრომლობა, ხელი შეუწყოს ორმხრივი ურთიერთობების ჯანსაღ, სტაბილურ და მდგრად განვითარებას. ისტორიის ახალ ამოსავალ წერტილზე ვდგავართ. ჩინური მხარე მზადაა ქართულ მხარესთან ერთად გააგრძელოს წინამორბედთა დაწყებული საქმე, კიდევ უფრო გააღრმაოს პოლიტიკური ურთიერთნდობა, გააფართოოს თანამშრომლობის სივრცე და ორი ქვეყნის მეგობრობის ახალი ფურცელი გადაშალოს.
უკიდეგანო ზღვაში იალქნებს გავშლით და მიზნებისკენ გავცურავთ. ჩინეთი საქართველოს ყოველთვის როგორც კარგ მეგობარს და პარტნიორს, ისე უყურებს. მჯერა, რომ ჩინეთ-საქართველოს მეგობრობის გემი ეპოქის ბობოქარ დინებაში ყოველთვის სწორ კურსს შეინარჩუნებს, შესანიშნავი ნაყოფით იქნება დატვირთული, სტაბილურად წინ ივლის, კაცობრიობას დაეხმარება პანდემიისა და ომის აჩრდილის მოშორებაში; ერთად მივაღწევთ გრძელვადიან მშვიდობას, საყოველთაო უსაფრთხოებას, საერთო კეთილდღეობას; ღია, ინკლუზიურ, სუფთა და ლამაზ მსოფლიოს შევქმნით და ორი ერი უკეთესი მომავლისკენ ერთად გაეშურება», — ნათქვამია ელჩის მიერ გავრცელებულ წერილში.