წყარო: mfa.gov.ge
2022 წლის 2 ივნისს, საქართველოში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ახლადდანიშნულმა ელჩმა, ჭოუ ციენმა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს, ალექსანდრე ხვთისიაშვილს რწმუნებათა სიგელების ასლები გადასცა.
რწმუნებათა სიგელების ასლების გადაცემის შემდგომ გამართულ შეხვედრაზე საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ მიულოცა ჩინეთის ელჩს თანამდებობაზე დანიშვნა და წარმატებები უსურვა მას თავის საქმიანობაში.
შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის დღის წესრიგში არსებული საკითხების ფართო სპექტრი. ამ კონტექსტში მხარეებმა კვლავ დააფიქსირეს ურყევი და თანმიმდევრული პოზიცია საქართველოს, ასევე ჩინეთის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერასთან დაკავშირებით.
ხაზი გაესვა საქართველოსა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას შორის აქტიურ და წარმატებულ თანამშრომლობას სავაჭრო-ეკონომიკურ სფეროში. აღინიშნა, რომ უკანასკნელ წლებში ჩინეთი საქართველოს ნომერ პირველ ექსპორტ პარტნიორად ჩამოყალიბდა, 2022 წლის იანვარ-აპრილის მონაცემებით კი საქართველოსთვის ნომერ მეორე სავაჭრო პარტნიორია.
მხარეებმა ხაზი გაუსვეს მაღალი დონის ვიზიტების გაცვლის მნიშვნელობას და ამ მხრივ არსებულ პოზიტიურ დინამიკას. გამოითქვა იმედი, რომ საქართველო და ჩინეთი ამ მიმართულებით თანამშრომლობას კიდევ უფრო მეტად გააქტიურებენ.
მხარეებმა განიხილეს საქართველოსა და ჩინეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 30 წლის იუბილესთან დაკავშირებული ღონისძიებების გამართვის შესაძლებლობები.
ჭოუ ციენმა მადლობა გადაუხადა მინისტრის მოადგილეს შეხვედრისთვის და კეთილი სურვილებისთვის. ჩინეთის ელჩმა გამოხატა მზადყოფნა პირადი წვლილი შეიტანოს ქვეყნებს შორის თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების მიმართულებით.