რით პასუხობს საქართველო გაზრდილ ტვირთნაკადს

წყარო: commersant.ge

უკრაინაში ომისა და რუსეთისთვის სანქციების დაწესების გამო საქართველოს სატრანსპორტო დერეფანში ტვირთებმა მოიმატა. საქართველოს გაუჩნდა შანსი, აზიიდან ევროპისკენ მიმავალი ის ტვირთები მოიზიდოს, რომელთა ტრანსპორტირება აქამდე რუსეთის ტერიტორიის გავლით ხდებოდა. მაგრამ ამას ხელს უშლის მოძველებული სარკინიგზო ინფრასტრუქტურა და საბაჟო პუნქტებზე არსებული პრობლემები. საბაჟო გამშვებ პუნქტებთან სატვირთო მანქანების გრძელი რიგები დგას.

რა ხდება საბაჟოზე

პრობლემები განსაკუთრებით იმ ექსპორტიორებს შეექმნათ, ვისაც მალფუჭებადი პროდუქციის გაგზავნა უწევთ. ლარსის საბაჟო გამშვებ პუნქტთან და წითელ ხიდზე ასობით მანქანა დაგროვდა, რომლებიც საზღვრის გადაკვეთას კვირაზე მეტხანს ელოდებოდნენ. მათ შორის იყო დისტრიბუტორთა ასოციაციის ხელმძღვანელის – ივა ჭყონიას ტვირთიც, რომელიც ბოსტნეულის ექსპორტს რუსეთში ახორციელებს. საბაჟოზე შექმნილი მდგომარეობის შესახებ მის მიერ გამოთქმული კრიტიკის შემდეგ ექსპორტიორებს სოფლის მეურნეობის მინისტრი, საბაჟო დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის წარმომადგენლები შეხვდნენ. ივა ჭყონია ამბობს, რომ პრობლემა მოგვარდა, მალფუჭებადი ტვირთი მწვანე დერეფანში მოხვდება და საბაჟო ტერიტორიას 24 საათში დატოვებს.

თუმცა, სხვა ტვირთებს ისევ უწევთ გრძელ რიგში დგომა ლარსის გამშვებ პუნქტზე, რომლის გამტარუნარიანობა შემცირებულია და დღე-ღამეში მხოლოდ 250-300 სატვირთო მანქანის გაშვება შეუძლია. მოთხოვნა კი დაახლოებით 3-ჯერ მაღალია.

საქსტატის მონაცემებით, 2022 წლის მარტში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, საქართველოს გავლით საავტომობილო გადაზიდვები $11.057 მილიონით, ხოლო საზღვაო გადაზიდვები $71.068 მილიონით გაიზარდა. ომის დაწყებამდე საქართველოს ცენტრალურ მაგისტრალზე დღეში 400-500 ავტომობილი თუ მოძრაობდა, მათი რიცხვი ახლა 3 ათასს აღწევს.

„საქართველოს გზას თურქეთიდან შუა აზიისკენ მიმავალი ტვირთები მოადგა. საბაჟოს 2.5-3 მილიონ ტონაზე მეტი ტვირთის გატარება არ შეუძლია, რაც გადაზიდვების შეფერხებას იწვევს“, – აღნიშნავს სატრანსპორტო დერეფნის კვლევის ცენტრის ხელმძღვანელი პაატა ცაგარეიშვილი.

შემოსავლების სამსახური საბაჟოზე რიგებს გაზრდილი ტვირთნაკადით ხსნის, ხოლო შეფერხების მიზეზად რუსეთის ტერიტორიებზე ინფრასტრუქტურულ სამუშაოებსა და რეგისტრაციის ახალი სისტემების დანერგვას უკავშირებს. სამსახურის ინფორმაციით, გამშვებ პუნქტებზე პრობლემის მოგვარების მიზნით მათ მებაჟეების რაოდენობა გაზარდეს.

ძველი აბრეშუმის გზის ახალი შანსი

რუსეთისთვის სანქციების დაწესების შემდეგ ასობით კომპანია რუსეთის ტერიტორიას ვეღარ გამოიყენებს. სანქციების ქვეშ არიან რუსული პორტები. შესაბამისად, საქართველოს გაუჩნდა შანსი, გახდეს აზიისა და ევროპის დამაკავშირებელი მთავარ მაგისტრალი.

გამოიყენებს ქვეყანა ამ შანსს? სპეციალისტები ამბობენ, რომ საქართველო ამ შესაძლებლობას მოუმზადებელი ხვდება ლოგისტიკური პრობლემებითა და გაუმართავი ინფრასტრუქტურით.

აზიის განვითარების ბანკის (ADB) მიერ გამოქვეყნებული დოკუმენტის თანახმად, საქართველოს რკინიგზა არარენტაბელურია. საქართველოს რკინიგზის საჭიროზე მეტი დანახარჯები ხელს უშლის მის მოდერნიზაციას, ხოლო რკინიგზის დაბალი წილი ტრანზიტისა და ადგილობრივი გადაზიდვის ბიზნესში, მაღალ ტარიფებს განაპირობებს, რაც რკინიგზას ნაკლებად მიმზიდველს ხდის.

პაატა ცაგარეიშვილის შეფასებით, გაჩნდა შესაძლებლობა, რომ ეტაპობრივად საქართველოსკენ გადმოინაცვლოს ჩინეთის საკონტეინერო ტვირთის ნაწილმა, რომელიც ამ დრომდე ვოლგა-დონის არხით გადაადგილდება. ჩინეთიდან ევროპის მიმართულებით გაგზავნილი ტვირთის დიდი ნაკადი რუსეთის გავლით მოძრაობს, ხოლო საქართველოს მარშრუტზე ამ ტვირთის მხოლოდ 2% ხვდება. მისი შეფასებით, რეალურია საქართველოს დერეფანში თურქმენული ნავთობპროდუქტების ტრანზიტიც. ცენტრის ხელმძღვანელის თქმით, 2-3 წელიწადში საქართველოსკენ წამოსული ტვირთების მოცულობამ შესაძლოა, 10-12 მილიონ ტონას მიაღწიოს.

„საქართველოს გაუჩნდა ჩინეთიდან მოძრავი ძვირად ღირებული საკონტეინერო ტვირთების მოზიდვის შანსი. მისი მოცულობა ამჟამად დაახლოებით 100 ათას კონტეინერს შეადგენს და რუსეთის გავლით გადაადგილდება“, – აღნიშნავს პაატა ცაგარეიშვილი.

მისი თქმით, არსებობს ყაზახეთიდან ნედლი ნავთობის საქართველოს სარკინიგზო მაგისტრალზე გადმოსვლის შანსიც. ასევე, იზრდება ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენში ნავთობის ნაკადის ზრდის ალბათობაც. შესაძლებელია, რომ საქართველოს კორიდორში მოხვდეს ყაზახეთის მშრალი ტვირთებიც.

მათი მოზიდვის შემთხვევაში დაიტვირთება ფოთისა და ბათუმის პორტები, გაიზრდება საქართველოდან საბორნე გადაზიდვების მოცულობა. შესაბამისად, დღის წესრიგში დადგება შესაბამისი ინფრასტრუქტურის აუცილებლობა:

„შეიქმნება სპეციალიზებული ტვირთების მიღების პრობლემა, რადგან ტერმინალებს მოდერნიზება სჭირდებათ. საპორტო ინფრასტრუქტურა თანამედროვე სტანდარტებს ჩამორჩა. ისინი არ არის ადაპტირებული. აქვე თავს იჩენს ღრმაწყლოვანი პორტის აუცილებლობა“.

„თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება ჩინეთსა და ევროკავშირთან საქართველოს ტვირთების მოზიდვის შესაძლებლობას უქმნის. მაგრამ პრობლემას ქმნის მოძველებული სარკინიგზო სისტემა, ბარიერებს ქმნის ამ სისტემაში არაერთი შუამავალი კომპანიის არსებობა, რაც გადაზიდვის ფასს აძვირებს. ამ ბარიერების მოხსნაა საჭირო, წინააღმდეგ შემთხვევაში, გადამზიდავებმა სირთულეების თავის ასარიდებლად, შეიძლება, სხვა გზა ეძებონ“, – აღნიშნავს არასამთავრობო ორგანიზაცია Hub Georgia-ს ხელმძღვანელი ვასო ურუშაძე.