სი ძინპინმა და აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ალიევმა ჩინეთსა და აზერბაიჯანს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 30 წლისთავთან დაკავშირებით მისალოცი დეპეშები გაცვალეს

წყარო: news.cn

2 აპრილს ჩინეთის პრეზიდენტმა სი ძინპინმა და აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ალიევმა ორ ქვეყანას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 30 წლისთავთან დაკავშირებით მისალოცი დეპეშები გაცვალეს.

სი ძინპინმა აღნიშნა, რომ ჩინეთი და აზერბაიჯანი მეგობრული პარტნიორები არიან. დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებიდან გასული 30 წლის განმავლობაში ჩინეთ-აზერბაიჯანის ურთიერთობებმა შეინარჩუნა ჯანსაღი და სტაბილური განვითარების იმპულსი. ორივე მხარე აღრმავებს ორმხრივ პოლიტიკურ ნდობას, აქტიურად უწყობს ხელს თანამშრომლობას სხვადასხვა სფეროში. ისინი ასევე მჭიდროდ თანამშრომლობენ საერთაშორისო და რეგიონულ საკითხებში. Covid-19-ის გავრცელების შემდეგ ჩინეთი და აზერბაიჯანი ერთმანეთს მხარს უჭერდნენ და ეხმარებოდნენ.

სი ძინპინმა ხაზი გაუსვა, რომ ის დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების განვითარებას და მზად არის ითანამშრომლოს პრეზიდენტ ალიევთან. იგი თანახმაა, დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 30 წლისთავი გამოიყენოს, როგორც შესაძლებლობა, ხელი შეუწყოს ქვეყნებს შორის ურთიერთობებსა და სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობას ორი ქვეყნისა და მათი ხალხების საკეთილდღეოდ დიდი შედეგების მისაღწევად.

ალიევმა თქვა, რომ ჩინეთ-აზერბაიჯანის ურთიერთობები განაგრძობს განვითარებას ურთიერთნდობის საფუძველზე. ორივე მხარე ავითარებს ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობის მაღალ დონეს პოლიტიკურ, ეკონომიკურ და სავაჭრო სფეროებში და ასევე მიაღწია ნაყოფიერ შედეგებს მრავალმხრივ თანამშრომლობაში. ჩვენ მხარს ვუჭერთ ინიციატივას «ერთი ქამარი და ერთი გზა» და გვჯერა, რომ ჩინეთსა და აზერბაიჯანს შორის ტრადიციული მეგობრული ურთიერთობები კვლავაც გაღრმავდება ორი ხალხის საკეთილდღეოდ.