დავით ზალკალიანმა შეხვედრა გამართა ჩინეთის ელჩთან

წყარო: mfa.gov.ge

2022 წლის 24 მარტს გაიმართა საქართველოს ვიცე — პრემიერის, საგარეო საქმეთა მინისტრის, დავით ზალკალიანის გამოსამშვიდობებელი შეხვედრა საქართველოში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ელჩთან, ლი იენთან, რომელმაც დაასრულა საკუთარი მისია საქართველოში.

შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს ორ სახელმწიფოს შორის არსებული ურთიერთობების აქტუალური საკითხების ფართო სპექტრი და ხაზი გაუსვეს ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის პოზიტიურ დინამიკას სხვადასხვა მიმართულებით. შეხვედრისას აღინიშნა ის ფაქტი, რომ საქართველო და ჩინეთი წელს დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების საიუბილეო 30 წლისთავს ზეიმობს. ამ კონტექსტში ორივე მხრიდან გამოითქვა წლების მანძილზე ჩამოყალიბებული პარტნიორული ურთიერთობების შემდგომი განვითარების მზადყოფნა.

ლი იენმა კიდევ ერთხელ დაუდასტურა ქართულ მხარეს ჩინეთის ურყევი მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. მან ასევე აღნიშნა ჩინეთის პატივისცემა საქართველოს საგარეო პოლიტიკურ მიზნებისა და მისწრაფებების მიმართ.

თავის მხრივ, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა კვლავ დააფიქსირა საქართველოს მხარდაჭერა „ერთი ჩინეთის“ პოლიტიკის მიმართ. მან მადლობა გადაუხადა ჩინეთის ელჩს საქართველოში მის მიერ გაწეული მუშაობისთვის და ხაზი გაუსვა პანდემიის პერიოდში ჩინურ მხარესთან ინტენსიური თანამშრომლობის რეჟიმში ქალბატონი ლი იენის პირად დამსახურებას. შეხვედრის ბოლოს მინისტრმა წარმატებები უსურვა ჩინეთის ელჩს თავის მომავალ საქმიანობაში.