საქართველო — ჩინურ/ევროპული ხიდის საყრდენი

წყარო: tbilisipost.ge

ავტორი: პაატა ჩეკურიშვილი

ჩინეთის გლობალური სტრატეგია და მიხეილ სააკაშვილის — „ლაზიკა“

კავკასიასთან ჩინეთის „მოახლოების“ თანდათანობითი, თუმცა გარდაუვალი პროცესის დადასტურებაა არა მხოლოდ უსაფრთხოების ინფრასტრუქტურის განვითარება სამხრეთ და აღმოსავლეთ ევრაზიაში, არამედ ახალი კომუნიკაციების მშენებლობა და/ან მათი დაგეგმვა პერსპექტივით სამხრეთ კავკასიის, საქართველოსა და შავი ზღვის სანაპიროს, პირველ რიგში კი ანაკლიისაკენ (ლაზიკისკენ).

ჩინეთის, საქართველოს, აზერბაიჯანის, სომხეთის და მთლიანად დიდი რეგიონის საერთო ინტერესებშია ტრადიციული სამხრეთ კავკასიური, საქართველო — აზერბაიჯანზე გამავალი ე.წ. „სახმელეთო სუეცის არხის“, იგივე „ბოთლის ყელის“ გარდა სხვა სტრატეგიულ მიმართულებათა განვითარებაც: ე.წ. მერიდიანული, სამხრეთ — ჩრდილოეთის სატრანსპორტო დერეფნები, კერძოდ ირანი — აზერბაიჯანი — რუსეთის სარკინიგზო მაგისტრალი და სომხეთ — საქართველო — რუსეთის საავტომობილო მაგისტრალი;

პერსპექტივაში, საქართველოს იურისდიქციის აღდგენის შემდეგ აფხაზეთის ოკუპირებულ რეგიონზე, გაიხსნება სარკინიგზო და საავტომობილო მაგისტრალები საქართველოს და რუსეთს შორის ე.წ. ფსოუს სატრანსპორტო დერეფნის მეშვეობით.

ასევე ახალი სრულფასოვანი სატრანსპორტო დერეფნის გაჭრა მოხდება სასომხეთზე რაც საშუალებას მოგვცემს ანაკლიის (ლაზიკის) პორტის მეშვეობით, ე.წ. „ახალი სუეცის სახმელეთო არხით“, ე.წ. მეგრის სატრანსპორტო დერეფნით (ჩქაროსნული რკინიგზის ხაზით) მოხდეს ევროპის დაკავშირება ირანის პორტ ბენდერ-აბასთან. მასვე, ამჯერად ე.წ. „საზღვაო აბრეშუმის გზით“ დაუკავშირდება ჩინეთი, წყნარი ოკეანისა და ინდოეთის ოკეანეების აუზის ქვენები; ეს სატრანსპორტო დერეფანი იქნება კავშირის უმოკლესი გზა აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებისთვის სპარსეთის ყურის სახელმწიფოებთან; უპირატესად ემირატების უმსხვილესი პორტ ჯებელ-ალის მეშვეობით.

ამ ახალი საკომუნიკაციო სისტემით სომხეთი მთლიანად დააღწევს თავს იმ გეოპოლიტიკურ ჩიხს, რომელშიც ამჟამად იმყოფება და თუ სომხური საზოგადოებაც და პოლიტიკური ელიტა ჩინური უსაფრთხოების „ქოლგას“ აირჩევს, მაშინ ჩვენი მეზობლებიც გარანტირებული მშვიდობიანი განვითარების გზას დაადგებიან.

მეგრის სატრანსპორტო დერეფნის ამუშავება ტვირთების ლოგისტიკური დივერსიფიკაციას და ანაკლიის (ლაზიკის) ღრმაწყლოვანი პორტის გარანტირებულ დატვირთვას გამოიწვევს. რაც შეეხება ცენტრალურ აზიაში „აბრეშუმის გზის“ უკვე ნაწილობრივ მოქმედ (სარკინიგზო) ურუმჩი — აქტაუ — ბაქო — საქართველოს პორტების მარშრუტს, რა თქმა უნდა ჩქაროსნულ სარკინიგზო ხაზად მოდერნიზება დასჭირდება და ალბათ რამდენიმე განშტოება დაემატება.

ჩინეთის გლობალური ინტერესების გათვალისწინებით მოსალოდნელია მესამე უმნიშვნელოვანესი ორ განშტოებიანი სატრანსპორტო დერეფნის გაჭრა ანაკლია — ბაქო — თურქმენბაში — ქაბული — ისლამაბადის და ანაკლია — მეღრი — თეირანი — ქაბული — ისლამაბადის მიმართულებებით. რა დაუჯერებელიც არ უნდა მოგეჩვენოთ დღეს ამ სარკინიგზო, ჩქაროსნული დერეფნის ამუშავება, ჩინური მაშტაბური რესურსებისთვის ეს განსახორციელებლად რთული როდია.
ამასთან ჩინურ „ყოფნას“ ავღანეთში დიდი რეგიონის უსაფრთხოებასთან ერთად ეკონომიური საფუძველიც შეექმნება. ამ მარშრუტის ამუშავებას ჩინეთის სტრატეგიული მოკავშირის, 200 მილიონიანი პაკისტანის ჩართვა მოჰყვება ე.წ. „სახმელეთო სუეცის არხის“ დერეფანში, რაც ლოგიკურად გაგრძელდება ჩქაროსნული რკინიგზის განშტოებით პაკისტანის ყველაზე დიდ საოკეანო სავაჭრო პორტთან, კარაჩისთან და შესაძლოა პორტ გვადართანაც , სადაც ჩინეთი აშენებს დიდ სამხედრო — საზღვაო სამხედრო ბაზას.

პეკინი გვადარის პორტს აშკარად განიხილავს ავღანეთში „ყოფნის“ ლოგისტიკური უზრუნველყოფის ერთ-ერთ მთავარ რესურსად. მომავალში, თუ ჩინეთ — ინდოეთის და პაკისტან — ინდოეთის ურთიერთობის ნორმალიზება მოხდა, შესაძლებელია ისლამაბადიდან ჩქაროსნულმა სარკინიგზო გზამ ნიუ-დელიმდე და ინდოეთის სიღრმემდე მიაღწიოს. ამ შემთხვევაში უკვე მილიარდ სამას მილიონიანი ინდოეთიც მიიღებს ცენტრალური აზიის ბაზრებზე წვდომას და მისი ჩართვა მოხდება ე.წ. „სახმელეთო სუეცის არხის“ დერეფანში, რაც უკვე აღმოსჩინეავლეთ ევროპის ბაზრებზე გასვლის უმოკლესი გზა იქნება მათთვისაც. მაშინ კი, ანაკლიის (ლაზიკის) პორტმა ყოველწლიურ 300 მილიონ ტვირთბრუნვასაც კი უნდა გადააჭარბოს.

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

თითქოსდა, ავღანეთის რეალიების გათვალისწინებით შეუძლებელი ჩანს, თუმცა, სინამდვილეში, ყველა წინაპირობა არსებობს ვივარაუდოთ, რომ ის, რაც ვერ შეძლო თავის დროზე დიდმა ბრიტანეთმა, შემდეგ საბჭოთა კავშირმა და ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, სავსებით შესაძლებელი იქნება ჩინეთისთვის, რომელიც 21 საუკუნეში არ ესწრაფვის ჰეგემონიას, არ ახვევს თავს ავღანელებს საკუთარ ღირებულებებს და მოქმედებს ინტერესთა გრძელვადიანი თანხვედრის საფუძველზე.

უფრო მეტიც: სწორედ ჩინეთს ხელეწიფება მიანიჭოს ავღანეთს რეალური გეოპოლიტიკური მნიშვნელობა იმ აზრით, რომ პირველად ამ ქვეყნის ისტორიაში, ავღანეთი იქცეს სუბიექტად ნაცვლად ობიექტისა. ესე იგი, მიიღოს სიკეთე საკუთარი გეოპოლიტიკური ფუნქციისაგან.

საამისო წინაპირობაა სრულიად განსაკუთრებული სტილი, რომელსაც უკანასკნელი 20-30 წლის განმავლობაში მიმართავს პეკინი ამა თუ იმ რეგიონში საკუთარი პოზიციების განსამტკიცებლად და გულისხმობს ძალიან ფაქიზ მიდგომას, ინტერესთა ჰარმონიის ფრთხილ „ქსოვას“, რაც საშინაო საქმეებში ნებისმიერი ჩარევის კატეგორიულ გამორიცხვას, ადგილობრივი საზოგადოების ძირეულ ინტერესთა, მათი იდენტობის უპირობო პატივისცემას.

ჩინურ „გზა/სარტყელის“ ინიციატივას ჩვენი ქვეყნისათვის ექნება კიდევ ერთი დიდი სარგებელი: აქტუალობას დაკარგავს სატრანსპორტო მაგისტრალები, რომელიც საქართველოს გარს უვლიან. სომხეთი სისხლხორცეულად ხდება დაინტერესებული, ჩაერთოს ამ პროცესებში, როგორც თანასწორუფლებიანი მხარე და ისარგებლებს ახალი შესაძლებლობებით რასაც ანაკლიის პორტი შექმნის, ნაცვლად რუსეთის ტამანის და თურქეთის ალტერნატიული პორტებისა.

რუსეთის პერმანენტული ფარული ჰიბრიდული ომის, ყირიმის ანექსიის, დონბასის ნაწილის ოკუპაციის, ოკუპაციის ხაზზე პროვოკაციებისა და ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულების პერმანენტული დარღვევის (რომლის შედეგად თითქმის ყოველდღიურად იღუპებიან უკრაინელი ჯარისკაცები), ასევე ღია ფართომაშტაბიანი ომის მუქარის ქვეშ მყოფი უკრაინის სახელმწიფო არა ნაკლები ეგზენსტეციალური საფრთხის წინაშეა ვიდრე საქართველო. შედეგად, უკრაინის პოლიტიკური ხელმძღვანელობა ღია, დაუფარავ უკმაყოფილებას გამოთქვამს ევროატლანტიკურ სტრუქტურებში გაწევრიანების ბურუსით მოცული პერსპექტივის გამო. ჩემი ინფორმაციით, უკრაინულ პოლიტიკურ და პოლიტოლოგიურ წრეებშიც დაწყებულია დასავლური ალტერნატივის გზების ძიება. ამ მხრივ უკრაინასთან თანამშრომლობის შეთავაზებები თურქეთსაც აქვს, მაგრამ რუსეთის საპირწონე რამდენად იქნება ეს ამბიციური და სწრაფად განვითარებადი ქვეყანა, ჯერ კიდევ საკითხავია.

იმ შემთხვევაში, თუ საქართველოსთან ჩინეთის სტრატეგიულ-ეკონომიკური თანამშრომლობა შედგება, მოხდება დიდი რეგიონული პროექტების განხორციელება და რაც მთავარია, თუ ჩინური უსაფრთხოების „ქოლგის“ იმპლემენტაციაც შესაძლებელი გახდება ჩვენს დიდ რეგიონზე, მაშინ რეალურია უკრაინამაც განიხილოს ახალი შანსი და შევიდეს ევრაზიული გიგანტის უსაფრთხოების „ქოლგის“ ქვეშ, ისევე როგორც გახდეს ჩინეთის გზა/სარტყელის ინიციატივის აქტიური მხარდამჭერი, მიიღოს ეკონომიკური დივიდენტები და ფაქტობრივად იქცეს ჩინურ/ევროპული ხიდის ერთ-ერთი საყრდენად.

ამ რეალობის გარდაუვალობაში შეიძლება კიდევ უფრო დავრწმუნდეთ, თუ ბოლო წლების ჩინეთ — ბელარუსიის თანამშრომლობის დინამიკას გადავხედავთ, რაც თავისმხრივ კიდევ უფრო გაღრმავდება, თუ უკრაინაში ჩინეთის სტრატეგიული „ყოფნა“ დაფიქსირდება.

აქვე გადაჭრით შეიძლება ითქვას, მიუხედავად ამ დღეებში დიდი შვიდეულის და NATO -ს ფორმატებში გაკეთებული განცხადებების და მიღებული კომუნიკეებისა: ვერც ცალკე აღებული ვაშინგტონი და ვერც ევროკავშირი (აღარაფერს ვამბობ მოსკოვზე) ვერ შესთავაზებენ უსაფრთხოების, ეკონომიკური განვითარების და გლობალურ ბაზრებზე გასვლის იმაზე უკეთეს პაკეტს სამხრეთ კავკასიის ქვეყნებს, უკრაინას, ბელარუს, ცენტრალური აზიის ქვეყნებს, და ამათ დამატებულ ავღანეთს, ირანსა და პაკისტანს, ვიდრე ამის შეთავაზება შეუძლია პეკინს.

მიუხედავად ამ გეოეკონომიური და გეოპოლიტიკური ახალი შესაძლებლობისა, დარწმუნებული ვარ აღმოსავლეთ ევროპის და ცენტრალური აზიის ქვეყნებში კვლავაც დიდი გულისყურით დაელოდებიან ამერიკის და ევროკავშირის ერთობლივ რეალურ ალტერნატივას ჩინეთის „გზა/სარტყელის“ ინიციატივაზე. თუმცა გადაჭრით შეიძლება ითქვას, რომ ყველასთვის უკეთესია, თუ ეს „ალტერნატივა“ კი არა, არამედ აშშ — ევროკავშირი — ჩინეთის ერთობლივი შეთავაზება იქნება ევრაზიის დიდი რეგიონისთვის.

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

ამ პერსპექტივათა ერთობლიობა კიდევ ერთხელ ადასტურებს, რამდენად შორსმჭვრეტელური, კვალიფიციური და რაციონალური გადაწყვეტილება მიიღო საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა, როდესაც მთელს რეგიონში და საქართველოში პირველმა დასვა შავი ზღვის სანაპიროზე ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობის საკითხი და ამ იდეის პრაქტიკულ რეალიზებას შეუდგა.

დღეს უკვე უდავოა: პრეზიდენტი სააკაშვილი „ლაზიკის“ პროექტს განიხილავდა სწორედ ჩინური „გზა/სარტყლის“ ევრაზიული და გლობალური პროექტის განუყოფელ, სისტემურ ნაწილად. უფრო მეტიც — ამ პროექტის განხორციელების აუცილებელ პირობად.

სააკაშვილმა ზუსტად გათვალა, რომ ღრმაწყლოვანი პორტით შავ ზღვაზე უპირველეს ყოვლისა სწორედ ჩინეთი და ჩინელი ინვესტორები იქნებოდნენ დაინტერესებულნი, რაკი არავის ეს პორტი არ სჭირდება იმ აუცილებლობით, როგორც ჩინეთს — მისი სტრატეგიის განსახორციელებლად და რომ სწორედ ამ საფუძველზე უნდა მომხდარიყო შეთანხმება თბილისსა და პეკინს შორის, რაც ჩვენს ქვეყანას უამრავ სიკეთეს მოუტანდა.

პრეზიდენტ სააკაშვილის ისტორიული როლი ისიცაა, რომ მან შეძლო გაეთვალა არა მხოლოდ ჩინეთის არამედ სხვა პოტენციური, თუ შესაძლო მოთამაშეთა რესურსები და არ დაიჯერა, თითქოს ამერიკის შეერთებულ შტატებს ან ევროკავშირს ეყოფოდათ რესურსები, ჩინეთისაგან დამოუკიდებლად ან მისი ინტერესების საწინააღმდეგოდ აეშენებინათ დიდი პორტი შავ ზღვაზე. აქვე უპრიანია გავიხსენოთ მისი ფრთიანი გამონათქვამი; საქართველოს მეორე სინგაპურად გადაქცევის შესახებ!

მიხეილ სააკაშვილის პროგნოზი აბსოლუტურად ზუსტი აღმოჩნდა, რაც დაადასტურა ქართველი ბანკირისა და ბიზნესმენის, დღეს უკვე საქართველოს პარლამენტის წევრის, მამუკა ხაზარაძის ინიციატივით დაფუძნებული კორპორაციის თავიდანვე მკვდრადშობილი პროექტის ჩაფუშვამ: ჩინეთის გადამწყვეტი მონაწილეობის გარეშე არც ერთმა სერიოზულმა ინვესტორმა არ ჩადო ამ პროექტში მნიშვნელოვანი თანხა; ხოლო ამერიკა, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის მმართველობისას, საწინააღმდეგო გზასაც კი დაადგა, როდესაც ირანის მონაწილეობისა და შავი ზღვის გავლით ირან — ევროკავშირს შორის ახალი ნავთობ-საექსპორტო ხაზის აგების დასაბლოკად, აშშ სახელმწიფო სააგენტო OPIC-მა ჩვენი ქვეყნისათვის უპრეცედენტოდ დიდი თანხა, 50 მილიონი დოლარი გამოყო კონკურენტი ფოთის პორტის განსავითარებლად.

მიხეილ სააკაშვილის, როგორც ისტორიული ფიგურის მასშტაბი არა მხოლოდ ქვეყანაში ეპოქალური მნიშვნელობის რეფორმათა განხორციელებაში ჩანს, არამედ ამ გაბედულ წინასწარჭვრეტასა და ჩვენს რეგიონში დიდ მოთამაშეთა ინტერესების საქართველოს სასარგებლოდ დაბალანსებაში.

სამწუხაროდ, ე.წ. „ქართული ოცნებას“, რომელიც ქვეყნის სათავეში 2012 წლის რუსეთის ყველაზე წარმატებული სპეცოპერაციის შედეგად აღმოჩნდა, საამისოდ არათუ უნარი, არამედ არც სურვილი და არც გამბედაობა არ აღმოაჩნდა.
უკანასკნელი 9 წლის განმავლობაში, საქართველო, დამოუკიდებელი და თანასწორუფლებიანი მოთამაშიდან იქცა მითითებების შემსრულებლად, — საკუთარი ინტერესების და მათი დაცვა/განხორციელების შესაძლებლობის გარეშე.

საქართველო და ჩინეთი — შესაძლებლობათა მატრიცა

ჩინეთი საქართველოსთან ურთიერთობას ავითარებს მისთვის გლობალურად ჩვეულ სტილში: თანდათანობით, ეტაპობრივად, მხოლოდ ორმხრივი ინიციატივების საფუძველზე, საქართველოს ინტერესთა გათვალისწინებით, რაიმე მზა სქემების თავსმოხვევის და საშინაო საქმეებში, მათ შორის ეკონომიკურ პოლიტიკაში ჩარევის გარეშე; თუმცა მიზანმიმართულად, მკაფიო პროგრამით და ორმხრივი სამომავლო ხედვით.

აღსანიშნავია, რომ ჩინეთი ერთ-ერთი პირველი სახელმწიფო იყო, რომელმაც სცნო საქართველოს დამოუკიდებლობა 1992 წლის 9 იანვარს — მიუხედავად იმ დროს ქვეყანაში გამეფებული ანარქიის და სამოქალაქო ომისა.

2017-2020 წლებში სტაბილურად იზრდება ჩინეთ-საქართველოს სავაჭრო ბრუნვა, რომელმაც მნიშვნელოვნად გადააჭარბა ერთ მილიარდ დოლარს ყოველწლიურად. საქართველოში ჩინეთის ელჩის, ქალბატონ ლი იენის განცხადებით, ჩინეთმა საქართველოს სიდიდით მესამე სავაჭრო პარტნიორის პოზიცია შეინარჩუნა; ორ ქვეყანას შორის სავაჭრო დეფიციტი კიდევ უფრო შემცირდა და ჩინეთი საქართველოს ნომერ პირველი უმსხვილესი საექსპორტო ქვეყანაც გახდა. ჩინური კომპანიები საქართველოში აქტიურად ახორციელებენ სატრანსპორტო და ინფრასტრუქტურულ პროექტებს. “სარტყელისა და გზის” ინიციატივის ფარგლებში შენარჩუნებულია ორმხრივი თანამშრომლობის კარგი ტენდენცია, რომელიც უკვე სცილდება ეკონომიკის სფეროს: ეპიდემიის პერიოდში მოხდა ჩინური ვაქცინის, „სინოვაკის“ სოლიდური პარტიის უფასოდ გადმოცემა; ამასთან საქართველოს კონფუცის ინსტიტუტი ჩინური ენის სწავლებას ონლაინ ფორმატში აგრძელებს.

ეკონომიკისა და ვაჭრობის სფეროში შესანიშნავი შედეგის მიღწევა, ჩინეთის ბაზრებზე საქართველოში წარმოებული პროდუქციის აქტიური შეღწევა შესაძლებელი გახდა „თავისუფალი ვაჭრობის შესახებ“ ისტორიული შეთანხმების საფუძველზე ჩინეთის სახალხო რესპუბლიკასა და საქართველოს შორის.

2017 წლიდან, საქართველოში წარმოებული პროდუქციის 94% ჩინურ ბაზრებზე საერთოდ არ იბეგრება საბაჟო მოსაკრებლით. საქართველო იმ 16 ქვეყნის რიგშია, რომელთანაც ჩინეთმა გააფორმა ხელშეკრულება თავისუფალი ვაჭრობის შესახებ. https://trade.ec.europa.eu/access-to-markets/en/content/eu-georgia-deep-and-comprehensive-free-trade-area თავისთავად ეს ფაქტი ადასტურებს: პეკინი ჩვენს ქვეყანას განიხილავს გრძელვადიან პარტნიორად, მომავალში კი, შესაძლო სტრატეგიულ მოკავშირედ. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოს აქვს ანალოგიური ხელშეკრულება ევროკავშირთან — „ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ“. ეს გარემოება პეკინსაც და ბრიუსელსაც უძლიერებს მოტივაციას, ისარგებლონ „ქართული ხიდით“ ორმხრივი სავაჭრო და ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავებისათვის. მით უმეტეს, რომ სწორედ ჩვენს რეგიონზე გადიოდა „დიდი აბრეშუმის გზა“, რომელიც 2 000 წლის წინათ აკავშირებდა ჩინეთს — ევროპასთან.

გარკვეული აზრით, ეს არის გეოპოლიტიკური აუცილებლობაც, რაკი ევროკავშირს ჩინეთზე არანაკლებ აძლევს ხელს ისარგებლოს „ხიდით“, რომელიც გვერდს აუვლის სხვა, ნაკლებ პროგნიზირებად რეგიონულ მოთამაშეებს.

ამასთან, ჩინეთის და ევროკავშირის თანამშრომლობის კიდევ ერთ უმნიშვნელოვანეს საერთო პლატფორმაზეც შეიძლება ფიქრი საქართველოში: მოგეხსენებათ, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია https://www.eumm.eu მუშაობს ოკუპაციის ხაზზე, მაგრამ ეს მისია გარდა იმისა, რომ არეგისტრირებს დარღვევებს და თვალს ადევნებს ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმს, სხვა მხრივ უუნაროა აღკვეთოს ოკუპანტის მიერ წარმოებული უკანონო ბორდერიზაცია და დანაშაულის სხვა გამოვლინებები.

ვფიქრობ, იმის გათვალისწინებით, თუ რა პრაქტიკას ახორციელებს ჩინეთის სახალხო მილიციის შეიარაღებული ქვეგანაყოფები ცენტრალურ აზიაში, რელევანტური იქნება თუ იმ „ჩარჩო ხელშეკრულებაში“, რომელიც შესაძლოა გაფორმდეს საქართველოსა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას შორის, ცალკე პუნქტით განისაზღვროს მსუბუქი ჯავშანტექნიკით და შეიარაღებით აღჭურვილი ჩინეთის სახალხო მილიციის ერთობრივი პატრულირება საქართველოს პოლიციასთან ერთად და საგუშაგოების და სხვა ინფრასტრუქტურის განლაგება ოკუპაციის ხაზის გასწვრივ როგორც ცხინვალის, ისე აფხაზეთის მიმართულებით.

ეჭვგარეშეა, ევროკავშირის დამკვირვებლების, საქართველოს პოლიციის და ჩინეთის სახალხო მილიციის ერთობლივი პატრულირება საოკუპაციო ხაზზე და მის მიმდებარედ ბევრად ეფექტური აღმოჩნდება.

თუ კვლავ სამხრეთ კავკასიის გავრცელებულ ანალოგია/მეტაფორას მივმართავთ: რაკი ჩვენი რეგიონი „ბოთლის ყელია“, იმდენადვე უნდა გაუფრთხილდნენ დიდი გეოპოლიტიკური მოთამაშეები საქართველოს დამოუკიდებლობას, რათა ვერავინ აქციოს იგი „საცობად“, რაც ხელს შეუშლის ფართო ევრაზიული კოოპერაციის განვითარებას.

მით უმეტეს, იმ რეალობაში, როცა ევროკავშირმა და ჩინეთმა უკვე გააფორმეს მრავლისმომცველი სავაჭრო ხელშეკრულება მიუხედავად აშშ კრიტიკული დამოკიდებულებისა.

საქართველოსადმი ჩინეთის ინტერესი განპირობებულია აგრეთვე საკომუნიკაციო შესაძლებლობებით, რასაც ქმნის ჩვენი ქვეყნის ტერიტორიაზე გამავალი სტრატეგიული ინტერნეტ-კაბელი, რომელიც, ჩინეთის მონაწილეობით, შეიძლება გადაიქცეს ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს რეგიონულ პროექტად.

ჩვენს ქვეყანაში აქტიურად და წარმატებით მუშაობენ ისეთი „სისტემაშემოქმედი“ კომპანიები, როგორიცაა „Hualing Group“; „Eastern Energy Corporation“; China Nuclear Industry 23 Construction Co., LTD; „China Tianchen Engineering Corporation“ (TCC) ; “CEFC China Energy Company Limited“ და სხვა.

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

ჩინეთთან სტრატეგიული კავშირი არ ნიშნავს მმართველობისა და სახელმწიფოებრივი მოწყობის ჩინური მოდელის გადმოღებას. იმ დიდ ქვეყანას განვითარების საკუთარი პროგრამა აქვს, რომელსაც პატივი უნდა ვცეთ. საქართველო კი ნამდვილად დარჩება ევროპული ტიპის პლურალისტურ დემოკრატიად. უფრო მეტიც, რაკი ჩვენი ქვეყანა, ინტერესთა ჰარმონიის საფუძველზე, იქცევა „ხიდად“ და ალტერნატიულ სახმელეთო „სუეცის არხის“ ნაწილად დიდი ჩინეთის დასაკავშირებლად დიდ ევროპასთან და ამით ევრაზიის დასავლურ და აღმოსავლურ საყრდენთა შემაკავშირებელ ფუნქციასაც შევიძენთ, ეს მხოლოდ დაგვეხმარება ავაშენოთ საქართველოში ევროპული ტიპის, ევროპული კულტურული, პოლიტიკური, ეკონომიკური ორიენტაციის მოდერნული სახელმწიფო და ამით შევქმნათ საფუძველი სეპარატისტულ რეგიონთა პრობლემის მშვიდობიანი გადაწყვეტისათვის.

ოღონდ, კვლავ და კვლავ ვიმეორებ: ამისათვის საქართველოს სჭირდება გეოპოლიტიკური საყრდენი, ანუ, როგორც უკვე ითქვა „ქოლგა“, რომელიც დაიცავს ქვეყნის კულტურულ და ღირებულებით არჩევანს ისე, რომ არ შეეხოს ჩვენი ქვეყნის საშინაო საქმეებს.

სამწუხაროდ, ბოლო 20-25 წლის ისტორია გვიდასტურებს: ვერც ამერიკის შეერთებული შტატები, ვერც თვით ევროკავშირი, ამგვარ სტრატეგიულ, მათ შორის სამხედრო-პოლიტიკურ გარანტიებს ვერ გვთავაზობს. არა იმიტომ, რომ საკუთარ სარგებელს ვერ ხედავენ, არამედ იმიტომ, რომ სამარცხვინოდ „ვერ უბედავენ“ რუსეთს მის „შიდა ეზოდ“ წოდებულ არეალში შეჭრას.

სამაგიეროდ, ცენტრალური აზიის მაგალითი მანიფესტირებს, რომ ამას ბედავს და გაბედავს კიდეც ჩინეთი — საკუთარი ინტერესებიდან და „გზა/სარტყელის“ ისტორიული ინიციატივიდან გამომდინარე.

რუსეთი არ არის მზარდი ძალა! მით უმეტეს ჩინეთთან შედარებით. რუსეთის აგრესიულობა დასავლეთის სისუსტის, გაუბედაობის, არაკონსოლიდირებულობის შედეგია და არა რუსეთის რეალური ძლევამოსილებისა.

რაკი პეკინმა მიიღო სტრატეგიული გადაწყვეტილება, შემოვიდეს შავი ზღვა-კასპიის აუზში, მოსკოვი მას ვერ შეუშლის ხელს ისე, როგორც უშლის ხელს გაუბედავ და არათანმიმდევრულ დასავლეთს. ამ მოსაზრებას ადასტურებს თურქეთის მიერ ინიციირებული „სტამბოლის არხის“ https://www.bloomberg.com/news/articles/2021-05-30/erdogan-to-start-building-15-billion-canal-project-in-june სრულად დაფინანსების საკუთარ თავზე აღების განაცხადიც ჩინეთის მხრიდან.

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

დღეს 21-ე საუკუნეა. არ ვცხოვრობთ „გეორგიევსკის ტრაქტატის“ 18 ეპოქაში. თუმცა „ანაკლია“ — „ლაზიკა“, როგორც მრავალგანზომილებიანი, მრავალფუნქციური პროექტი, შორს სცილდება მხოლოდ პორტის თემას და საქართველოს სახელმწიფოებრივი მდგრადობის წინაპირობებს ქმნის.

როგორც ჩანს, „ანაკლიის“ („ლაზიკის“) არა მხოლოდ პოლიტიკური, არამედ ეკონომიკური და ფინანსური ინვესტორიც მხოლოდ ჩინეთი შეიძლება იყოს. სხვა ვერავინ რისკავს დიდი ინვესტიციის ჩადებას ამ პროექტში, რადგან არავის აქვს იმ რაოდენობის ტვირთები ევრაზიის რეგიონში, რამდენიც ჩინეთს.

თუ ჩვენი დასკვნა არასწორია, მაშინ დასავლეთმა, პირველ რიგში ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, ევროპასთან ერთად, უახლოეს მომავალში (ლაპარაკია თვეებზე, სანამ ანაკლიის მშენებლობაზე რეალური ტენდერი ჩატარდება) უნდა დააჩქაროს პროცესები და ამით დაგვიდასტურონ, რომ კვლავ ძალაშია ის სამოკავშირეო ხელშეკრულება (თუნდაც გაუფორმებელი), რომლის საფუძველზე, 1988 წლიდან — დღემდე, ქართველმა ხალხმა ამდენი სისხლი დაღვარა, ამოდენა მსხვერპლი გაიღო პირველ რიგში ადამიანებით და ტერიტორიებითაც.

საქართველო მზად იქნებოდა დაეთმო ჩინეთთან თანამშრომლობით განხორციელებული ეკონომიკური პროექტებით გამოწვეული სიკეთეები, რაკი პარტნიორებს აშკარად აღელვებთ არა მხოლოდ ჩინეთის, არამედ ირანის მონაწილეობა ანაკლიაში, ოღონდ დასავლელ პარტნიორებსაც უნდა შემოეთავაზებინათ სერიოზული ეკონომიკური პროექტები რომლებიც გაზრდიდნენ საქართველოს ბიუჯეტში შემოსავლებს და ამით ცოტათი მაინც დააბალანსებდნენ სამხრეთ კავკასიის ქვეყნების დისპროპორციულობას შემოსავლებში. (ცნობისათვის: მხოლოდ ბაქო — თბილისი — ჯეიჰანის პროექტის ამუშავებიდან დღემდე აზერბაიჯანმა 70 მილიარდ დოლარზე მეტი შემოსავალი მიიღო, ხოლო საქართველომ დაახლოებით 1,5 მილიარდი ტრანზიტის შემოსავლიდან).

ეს ბევრად უფრო სამართლიან და მდგრადი განვითარების საფუძველს შექმნიდა ვიდრე აშშ -ს მიზნობრივი ყოველწლიური დახმარება საქართველოს ბიუჯეტის დეფიციტის აღმოსაფხვრელად.

უფრო ნათელი რომ იყოს, მოვიყვან ერთ კონკრეტულ მაგალითს, თუ როგორ შეიძლებოდა საქართველოს დახმარება ისე, რომ ამერიკელი გადასახადის გადამხდელთა ფული არ დახარჯულიყო საქართველოს ბიუჯეტის მხარდასაჭერად: შარშან მარტსა და აპრილში აშშ -ს ახალ დანიშნულ ელჩს საქართველოში მივმართე რამდენიმე ღია და დახურული წერილით. წერილებში დელიკატურად, მაგრამ ჩემთვის ჩვეული პირდაპირობით აღვნიშნავდი სწორედ ზემოთ აღნიშნულ დისპროპორციულობას ფინანსურ შესაძლებლობებში სამხრეთ კავკასიურ ქვეყნებს შორის და ამით გამოწვეული უსაფრთხოების და კონფლიქტების რისკების გაზრდის შესაძლებლობის შესახებ ვაფრთხილებდი აშშ ს ელჩს.

წერილებში აღვნიშნავდი, თუ რა დიდია განცვიფრება ქართველ ხალხში იმის გამო, თუ როგორ განვითარდა მოვლენები ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ეპოქალურ პროექტთან დაკავშირებით, რომელსაც უდიდესი მნიშვნელობა აქვს როგორც საქართველოსა და აზერბაიჯანის, ასევე მთელი ჩვენი რეგიონისთვის.

1999 წელს, სტამბულში, კასპიის შელფში ნავთობსაბადოთა ათვისების თაობაზე ისტორიული ხელშეკრულების გაფორმებისას, აშშ პრეზიდენტმა, ბილ კლინტონმა, საქართველოს, აზერბაიჯანის და თურქეთის ლიდერთა თანდასწრებით აღნიშნა, რომ ეს პროექტი „იქცევა მრავალი ქვეყნის მშვიდობიანი თანაცხოვრებისა და კეთილდღეობის, ასევე დამოუკიდებლობის გარანტად“.

ქართველი ხალხიც, ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის განხორციელებულ პროექტს სწორედ ჩვენი რეგიონის გეოპოლიტიკური მნიშვნელობის გარანტად აღიქვამდა და აღიქვამს დღემდე.

ქალბატონ ელჩს შევახსენებდი, რომ რამდენიმე კვირის წინ, ამერიკულმა კომპანიამ Shevron -მა „ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის“ პროექტში თავისი წილი მიჰყიდა უნგრულ კომპანია MOL -ს, აღვნიშნავდი, რომ საერთაშორისო კონსორციუმმა BTC Co -მ დაარღვია 1999 წლის ხელშეკრულების სულისკვეთება და ნება დართო Shevron BTC -ს, წილი გაესხვისებინა უნგრულ კომპანიაზე, რომელიც აფილირებულია კრემლთან დაახლოებულ რუსულ ოლიგარქიულ ჯგუფთან. მივუთითებდი, რომ საერთაშორისო კონსორციუმ BTC Co — ს დამფუძნებელი დოკუმენტები არ ითვალისწინებს წილების მფლობელი კომპანიების აუცილებელ კონსულტაციებს საქართველოს მხარესთან წილის გაყიდვის დროს, მაგრამ მოვითხოვდი ყველა მხარემ გაითვალისწინოს, რომ როდესაც 1999 წელს საქართველოს პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე ხელს აწერდა „ბაქო-თბილისი-ჯეიჰანი“ -ს ეპოქალურ დოკუმენტებს, იგი მუდამ ხაზს უსვამდა ქართველი ხალხის ერთადერთ ინტერესს — რეგიონის გეოპოლიტიკური მნიშვნელობისა და უსაფრთხოების გაძლიერებით დაეცვა ქართული სახელმწიფოს დამოუკიდებლობა.

მოგეხსენებათ საქართველო ენერგო რესურსთა ამ დერეფნის უსაფრთხოების ერთ-ერთი გარანტორი ქვეყანაა. თუმცა, დღევანდელ რეალობაში, ჩვენს საზოგადოებაში ჩნდება ეჭვები, რომ ხომ არ ვემსახურებით ოკუპანტი ქვეყნის ეკონომიკურ ინტერესებს ჩვენი და ჩვენი მეგობრების რეგიონულ პროექტებში მისი დაშვებით, იმ დროს, როცა თვითონ ოკუპანტი ყველა შესაძლო ხერხით ებრძვის სწორედ ჩვენს გეოპოლიტიკურ ფუნქციას?

იქვე აშშ -ს ელჩისადმი გაგზავნილ წერილებში აღვნიშნავდი, რომ არც საქართველოს უკრძალავს რაიმე დოკუმენტი ჩრდილოეთი-სამხრეთის, მერიდიანული მაგისტრალური გაზსადენის გასხვისებას, რომელიც რუსეთს სომხეთთან აკავშირებს და მისი გასხვისებით, შემძენისთვის ჩნდებოდა საშუალება, ირანული გაზის რევერსული ტრანზიტი მომხდარიყო რუსეთში ამ მილის საშუალებით, თუმცა მიუხედავად არა ერთხელ სხვა და სხვა დროს და მხრიდან შემოთავაზებული სარფიანი წინადადებისა იმავე რუსეთისგან, ქართული სახელმწიფო აქამდე რჩება რეგიონის საერთო გეოპოლიტიკურ ინტერესთა და დასავლელ პარტნიორთა რეკომენდაციების ერთგული ამ საკითხში.

აგრეთვე ვწერდი იმის შესახებ, რომ ავტორიტარი პუტინის, ასევე მრავალ საკითხში მისი მოკავშირე, საეჭვო ანტიევროპული ინტენციის მატარებელი ვიქტორ ორბანის 19 და კრემლის კონტროლირებადი ოლიგარქიული ჯგუფების შემოსვლა ჩვენი რეგიონის უსაფრთხოებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან პროექტში უამრავ კითხვას ბადებს იმ ქართველებში, ვინც ერთგულია დემოკრატიული ღირებულებებისა და მუდამ მხარს უჭერს საქართველოს სწრაფვას ევროატლანტიკური სივრცისკენ, მათ შორის ჩრდილო ატლანტიკურ კავშირში ინტეგრაციის გზით.

ქალბატონ ელჩს შევახსენებდი, რომ არა ჩვენი ქვეყნის ინსტიტუციური პრობლემები, ამ წერილს ის საქართველოს მთავრობის ან საქართველოს საგარეო სამინისტროს სახელით მიიღებდა, მაგრამ სამწუხაროდ, ქართულ პოლიტიკაში აღარ არიან ისეთი ეპოქალური ფიგურები, როგორიც იყო ბატონი ედუარდ შევარდნაძე და ბატონი მიხეილ სააკაშვილი, რომლებიც თავად იყვნენ გლობალურ პროცესთა და ცვლილებათა ინსპირატორები.

ვწერდი, რომ დარწმუნებული ვიყავი, ჩვენმა ამერიკელმა მეგობრებმა შესანიშნავად იციან „ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის“ პროექტის გარშემო შექმნილ ვითარების ყველა ნიუანსი. თუმცა, გვესმის, რომ სამწუხაროდ, მათ უჭირთ თანამშრომლობა ისეთ ხელისუფლებასთან, რომელიც თავად არ სცემს პატივს საკუთარ ხალხს და თავისი ქვეყნის ინტერესებს. და რომ მმართველმა პარტიამ „ქართული ოცნება“ -მ ნულზე დასცა ქართული სახელმწიფოს ავტორიტეტი როგორც რეგიონში, ასევე მთელს მსოფლიოში.

ამ მხრივ კრიტიკული სიტუაციაა და ღია, თუ დახურული წერილებიც იმან დამაწერინა, რომ ჩვენმა უპირველესმა სტრატეგიულმა პარტნიორმა, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა დაინახოს — საქართველოს ყველა მოქალაქე როდია გულგრილი ქვეყნის ინტერესთა მიმართ. და რომ, შესაძლებლად მიმაჩნია საქართველოს თანამშრომლობა ამერიკულ მხარესთან, რათა Shevron BTC -ის ნავთობსადენის 8,9% და აზერბაიჯანის ნავთობ კომპლექსის აზერი-ჩირაგ-გიუნეშლის (ACG) 9,57% წილი 1,57 მილიარდ დოლარად საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციამ შეიძინოს. ხოლო პოლიტიკური ნების შემთხვევაში, ამ წილის შესაძენად საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტებისგან უპრობლემოდ ვისესხებდით და „ნავთობ ეპოქის დაისის“ მიუხედავად, საქართველო სოლიდურ გარანტირებულ შემოსავალს მიიღებდა.

ეს შესაძლებელი იქნებოდა, თუ ამერიკული მხარის მხარდაჭერას მივიღებდით და შემდეგ შეთანხმებულ ნაბიჯებს გადავდგამდით: საქართველოს ინტერესთა იგნორირების გამო (რაც გამოიხატება საერთაშორისო კონსორციუმის BTC Co-ს მიერ 1999 წლის ხელშეკრულების სულისკვეთების უგულებელყოფაში, როცა ნება დართო Shevron BTC -ს, წილი გაესხვისებინა უნგრულ კომპანიაზე, რომელიც აფილირებულია კრემლთან დაახლოებულ რუსულ ოლიგარქიულ ჯგუფთან) პროტესტის ნიშნად, ქართული მხარე დააყენებდა მილსადენისთვის უსაფრთხოების გარანტიათა შეჩერების საკითხს და, თუ პარალელურად უნგრული MOL -ის მთავარი კერძო აქციონერი რუსული კომპანია «Сургутнефтегаз» -ი დაექვემდებარებოდა ამერიკულ სანქციებს. ამის შემდეგ ეს საკითხი სამართლიანად გადაწყდებოდა სწორედ იურიდიული ინსტრუმენტების გამოყენებით. შედეგად, საქართველოს ბიუჯეტის სასარგებლოდ ყოველწლიურად ერთ მილიარდამდე დოლარის შემოსავალს უზრუნველვყოფდით მინიმუმ მომავალი 15 წლის განმავლობაში (ცნობისთვის: საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტი ოდნავ აღემატება 5 მილიარდ დოლარს და მხოლოდ Shevron BTC -ის წილების მოპოვებით BTC Co -ში , საქართველოს ბიუჯეტი, სულ ცოტა, სამჯერ მეტ შემოსავალს მიიღებდა, ვიდრე რუსეთთან ვაჭრობის შედეგად იღებს ამჟამად).

მაგრამ ამ ყველაფრის შემდეგ, მიუხედავად ორმხრივი კომუნიკაციისა, საბოლოოდ ვერც გასაგები პასუხი მივიღე ჩვენი ქვეყნის მეგობარი საელჩოდან პირადად და ვერც რაიმე გავიგე, რომ ამ საკითხზე ვინმე მუშაობდა. სამაგიეროდ პანდემიის პირობებში, პირდაპირი მნიშვნელობით, საელჩოს თანამშრომლები დაკავებული იყვნენ ძალიან სათნო საქმით, ინგლისურ ენაზე ზღაპრებს უკითხავდნენ ქართველ ბავშვებს.

სამწუხაროდ უნდა აღვნიშნო, რომ ანალოგიური მდგომარეობაა კიდევ ერთი რეგიონული პროექტის ირგვლივ; ბაქო -თბილისი — ყარსის რკინიგზასთან 20 დაკავშირებით, რომელიც დღესდღეობით ერთად-ერთი მოქმედი რკინიგზაა, რომელიც სამხრეთ კავკასიას თურქეთთან აკავშირებს და რომლის მთავარ ფუნქციად პუტინის კარის ოლიგარქის რომან აბრამოვიჩის კომპანიის ტვირთების გატარება იქცა რუსეთიდან თურქეთში.

დასავლელ პარტნიორებს ასევე ბოლოს და ბოლოს აქამდე უნდა შემოეთავაზებინათ ცხადი, ნათელი გზავნილი, რომ ჩვენს ქვეყანას შეუქმნიდნენ სამხედრო-პოლიტიკური უსაფრთხოების გარანტიებს, რათა არ დავიწყოთ ფიქრი „გულმავიწყი“ დასავლეთისგან მიტოვებულებმა, უსაფრთხოების „ქოლგის“ სხვაგან ძებნა.

ვფიქრობ, აშშ -ს და ევროკავშირის ფრთხილი, გაუბედავი პოლიტიკის შედეგად საქართველოს რეალურად აღარც რჩება სხვა ალტერნატივა გარდა იმისა, რომ ჩინეთის უსაფრთხოების „ქოლგის“ ქვეშ, უახლოეს ხანში პოტენციურად ნომერ პირველ ზესახელმწიფოსთან სტრატეგიული თანამშრომლობის დაწყებით და ამით ჩვენს დასავლელ მეგობრებს მოვუხსნათ „უხერხულობის განცდას“, როგორც ამის შესახებ განაცხადა ალექსანდრე ვერშბოუმ და ალბათ დიდი ალბათობით მარიამ კალიურანდის რჩევასაც გავითვალისწინებთ ქართველები და ევროკავშირის, NATO-ს სრულუფლებიანი წევრობის ამბიციებსაც „შევამცირებთ“, მაგრამ ვერასოდეს „დავიოკებთ და შევამცირებთ“ სურვილს ვიცხოვროთ ძლიერ, რეალურად დემოკრატიულ და მდიდარ საქართველოში!
საერთოდ კი, ქართველებს არ უნდა გვქონდეს ილუზია, თითქოს დასავლურ ელიტებში ყველა „გენიოსია“ და ყველა შეუმცდარია. ჩვენ საკუთარ მწარე გაკვეთილზეც ვისწავლეთ: ზოგჯერ ისინი ცდებიან თუ ცდებიან, განსაკუთრებით ბოლო პერიოდში!

თანამედროვე მსოფლიოს სერიოზული კრიზისის ერთ ერთ გამოხატულებად უნდა ჩაითვალოს ნამდვილი, ძლიერი, ქარიზმატული ლიდერების ნაკლებობა დასავლეთში. ეს ერთბაშად ან უმიზეზოდ არ ხდება: ძლიერი ლიდერები არ ჩანან იმიტომ, რომ ელიტები სისტემურად დასუსტდნენ და რეგრესი განიცადეს! დღეს რომ დასავლეთში ადეკვატური ელიტები იყვნენ, ეს საქართველოზეც სასიკეთოდ აისახებოდა, რაკი ასეთი ლიდერები ზუსტად გათვლიდნენ თანამედროვე რეალობებს, დამოკიდებულებებს, დროულად გადადგამდნენ საჭირო, ეფექტურ, კრეატიულ ნაბიჯებს და ა.შ.

ზემოთქმული არ ნიშნავს, თითქოს საქართველო დაივიწყებს ყველა იმ სიკეთეს, რაც ამერიკამ, ან ევროკავშირმა გვარგუნა დამოუკიდებლობის დეკლარირების დღიდან დაწყებული, მაგრამ დღეს საქართველოს სახელმწიფოს ეგზისტენციური, ესე იგი ყოფნა/არყოფნის საფრთხე შეექმნა! ქვეყანა უბრალოდ ვალდებულია ეძებოს „საყრდენი“, ანუ რეალური, თანმიმდევრული, ძლიერი მოკავშირე რუსეთის აგრესიის შესაკავებლად და ამ აგრესიის უკუსაქცევად.

საქართველო — რუსეთის მრავალსაუკუნოვან ურთიერთობაში ზოგი რამ შეიძლება პოზიტიურიც იყო, მაგრამ ნეგატიური აშკარად ფარავს ყველაფერ დადებითს. ქართველობამ, სამწუხაროდ, სერიოზული წვლილი გაიღო რუსული იმპერიის ჩამოყალიბებასა და გაძლიერებაში. მაგრამ ქვეყნის ორასწლიან ოკუპაციას და ამ ხნის განმავლობაში ჩვენი იდენტობის აღმოფხვრის პერმანენტულ მცდელობათა პატიებას ქართველი ხალხის უმრავლესობა არ აპირებს! მით უფრო მას შემდეგ, რაც „ბოროტების იმპერიამ“ და მისმა მემკვიდრე რუსეთმა ბოლო ოცდაათი წლის განმავლობაში აკადრა ჩვენს ხალხს.

ამის შემდეგ, რუსეთთან საქართველოს ნებაყოფლობითი მოკავშირეობა საუკუნოდ გამორიცხულია ! ! !

რაც შეეხება თურქეთს: მიუხედავად წარსულში ისტორიული მტრობისა, საქართველოსა და თანამედროვე თურქეთის მეგობრობა ძალზე გასაფრთხილებელია. საქართველო მიესალმება მეგობარი თურქეთის რესპუბლიკის გაძლიერებას და მუდამ მოწადინებული იქნება განავითაროს მასთან კეთილმეზობლური ურთიერთობა; ოღონდ, მთელი რიგი მიზეზების გამო, ანკარამ რომც შემოგვთავაზოს, საქართველო არ დაეთანხმება თურქეთის უსაფრთხოების „ქოლგას“. ეს პრინციპში შეუძლებელიცაა, რაკი თურქეთი თავადაა ჩრდილო ატლანტიკური სამხედრო-პოლიტიკური ორგანიზაციის წევრი, რომელშიც საქართველოს არ იღებენ.

შესაბამისად, ან დასავლეთმა სასწრაფოდ უნდა ჩამოაყალიბოს რეალური სტრატეგიული გეგმა და დაიწყოს ამ გეგმის დაჩქარებული, ქმედითი განხორციელება საქართველოსთან მიმართებაში, ან თუ ამას ვერ ახერხებს, ხელი მაინც არ უნდა შეგვიშალონ ჩინეთთან სტრატეგიული თანამშრომლობის განვითარებაში. მითუმეტეს, რომ საქართველო არ აპირებს დასავლელ პარტნიორებთან თანამშრომლობის გაწყვეტას და ყველა შემთხვევაში შეინარჩუნებს დასავლური, ევროპული, ლიბერალური ცივილიზაციის ყველა კომპონენტს.

ეს კონცეფცია, მისი შინაარსით, დიახაც გულისხმობს, რომ საქართველომ, ასევე სამხრეთ კავკასიამ, უნდა იკისრონ მთავარი ხიდის ფუნქცია ევროპასა და აზიას შორის, რაც მხოლოდ პოზიტივის მომტანი იქნება ყველა მხარისათვის.

ჩინეთ — საქართველოს თანამშრომლობის ინტენსივობის ზრდასთან ერთად გარდაუვალია, რომ რუსეთის ხელისშეწყობით უფრო ძალუმად ამუშავდება „ჰიბრიდული ომის“ ჩვეული ტექნოლოგიები ანალოგიური იმისა, რაც უკვე დიდი ხანია ანტიდასავლური და ანტითურქული კამპანიის სახით მიმდინარეობს. საქართველოში აუცილებლად დაიწყება ანტიჩინური, ქსენოფობიური განწყობების გაღვივება. მათ შორის კოვიდ-19 ტრაგედიასთან დაკავშირებული ცილისმწამებლური და კონსპირაციული ჩინოფობიური თეორიების გამოყენებით. დასავლეთის მხრიდან კი, იმის „წამოძახება“, თითქოს ჩინეთთან კავშირით საქართველო „თანამშრომლობს ავტორიტარულ რეჟიმთან“, სრულიად არარელევანტურია: თავად დასავლეთი თანამშრომლობს აქტიურად როგორც ჩინეთთან, ასევე მსოფლიოს სხვა ბევრ ავტორიტარულ რეჟიმთან, მათ შორის პროდასავლურად განწყობილი ქართველი ხალხის დიდი უმრავლესობისათვის მიუღებელი ბიძინა ივანიშვილის ანტისახალხო რეჟიმთან საქართველოში.

ჩინეთის სამობილიზაციო მოდელი კი აშკარად დროებითია ისტორიული თვალსაზრისით: სოციალურ/ეკონომიკური განვითარება ისტორიულად მოკლე ვადაში ამ ქვეყანას უეჭველად მიიყვანს ლიბერალურ დემოკრატიამდე ანუ „იაპონურ მოდელამდე“.

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

საქართველოს მრავალი სხვადასხვა ორიენტაცია ჰქონია თავისი ისტორიის განმავლობაში და მრავალი იმპერიის ნაწილიც ყოფილა. გამოცდილება დადებითიცაა და უარყოფითიც. ჩინეთთან მჭიდრო თანამშრომლობა მხოლოდ ახლა იწყება, რაც იმასაც ნიშნავს, რომ ჩინეთი არ შეხებია და არც შეეხება ჩვენს ეროვნულ იდენტობას.

მეორეს მხრივ, თუ საქართველო თანხმობას განაცხადებს ამ გოლიათთან სტრატეგიულ კავშირზე, ეს არ ნიშნავს, თითქოს ქართული საზოგადოება დაუშვებს რაიმე დათმობას ეკონომიკური ან პოლიტიკური თვალსაზრისით, ან შეურიგდება ქართველ ჩინოსანთა თავგასულობას და კორუფციულ ინტერესებს თუნდაც ისეთი სასიცოცხლოდ აუცილებელი პროექტის განხორციელებისას, როგორიც ანაკლიაა.

მკაცრად და მკაფიოდ უნდა დავიცვათ ჩვენი ინტერესები ნებისმიერ, თუნდაც წვრილმანად მიჩნეულ საკითხში.

დარწმუნებული ვარ ეს სტატია/კვლევა დიდ დისკუსიას დაუდებს საფუძველს, იქნება კრიტიკა, იქნება მხარდაჭერაც, მაგრამ ალბათ ბევრი დამეთანხმება იმაში, რომ ასეთ ტურბულენტულ გეოპოლიტიკურ ვითარებაში ქართული სახელმწიფო მყარი საყრდენის გარეშე დიდხანს ვერ გაძლებს.

აშკარაა, რომ ჩინეთთან სტრატეგიულ-ეკონომიურმა თანამშრომლობამ ბევრად მეტი სარგებელი უნდა მოუტანოს ჩვენს ქვეყანას, მით უმეტეს, თუ ეს მოხდება კომპეტენტურ სამართლებრივ რეგულაციათა სრულყოფილი დაცვით და კორუფციის კომპონენტის მინიმიზაციით, ვიდრე ამ თანამშრომლობის შედეგად წარმოშობილმა რისკებმა შეიძლება მოუტანოს საქართველოს.

მხოლოდ ასეთ თანასწორ და ურთიერთსასარგებლო საფუძველზე აიგება თანამშრომლობა აზიურ გიგანტთან, რომელიც უკვე ნამდვილად იქცა გლობალურ ზესახელმწიფოდ და სრულიად შესაძლებელია გახდეს საქართველოს დამოუკიდებლობის, უსაფრთხოების, თავისუფლების, ჩვენი ქვეყნის „ევროპულობისა“ და სწრაფი განვითარების ისტორიულ გარანტორად.